მამობა,როგორცლიდერობა!როგორ იქცევა მამა ოჯახში? როგორ ექცევა საკუთარ მეუღლეს? როგორ ართმევს თავს წინააღმდეგობებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი შარაშიძე, Entrepreneur Georgia-ს მთავარი რედაქტორი

ყველა მამას, რომელსაც მამობის პასუხისმგებლობა სათანადოდ გააზრებული აქვს, შვილების აღზრდა, უპირველესად, სწორი ცხოვრებისეული მაგალითის ჩვენებით მოეთხოვება.

შეძლებს თუ არა მამა საკუთარი შვილისთვის ნამდვილი როლური მოდელი, მისაბაძი და ავტორიტეტული ადამიანი გახდეს, ეს მხოლოდ მამის ქცევაზეა დამოკიდებული.

როგორ იქცევა მამა ოჯახში? როგორ ექცევა საკუთარ მეუღლეს? როგორ ართმევს თავს წინააღმდეგობებს? შეუძლია თუ არა სიმშვიდის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში? როგორ ეპყრობა განსხვავებულ, სუსტ ადამიანებს? როგორ სწავლობს დაშვებულ შეცდომებზე? როგორ უყურებს მარცხს?

ლიდერი, როგორც მსახური, ლიდერობის ყველაზე გამართლებული ფორმაა, რაც მამამ შესაძლოა აარჩიოს შვილებთან ურთიერთობისას, როცა გაცილებით მკაცრი და მომთხოვნი იქნება საკუთარი თავის მიმართ, პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს, შვილებს კი წაახალისებს, კარგი მაგალითის ჩვენებით ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება, მათშიც გააღვივებს ლიდერობას.

მამებს უნდა გვახსოვდეს, რომ, უპირველესად, ჩვენი, საკუთარი საქციელით ვზრდით ჩვენს შვილებს და თუ გვსურს, შვილების აღზრდის პროცესი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს, დროს არ უნდა ჩამოვრჩეთ, მუდმივად უნდა განვვითარდეთ და გავჯანსაღდეთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ვიყოთ მეტად ინოვაციური, შემოქმედებითი, თანამედროვე, ინფორმირებული, რადგან სხვა შემთხვევაში ვეღარ შევძლებთ ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენებას, შესაბამისად, ვეღარ შევძლებთ მათ აღზრდაში მონაწილეობას.

ისევე, როგორც ნამდვილი ლიდერი, ნაცვლად აკრძალვებისა, ძალდატანებისა და დამორჩილებისა, მამა საკუთარი შვილებისთვის ისეთი გარემოს შექმნაზე უნდა ფიქრობდეს, სადაც მათი ნიჭი და შესაძლებლობა ბოლომდე გამოვლინდება, გაიზრდება, განვითარდება და გაიფურჩქნება.

ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული მშვიდი გარემოს შექმნა მამის, ისევე, როგორც ყველა ლიდერის, მთავარი მოვალეობაა.

მამის, როგორც ლიდერის, უმთავრესი ფუნქციაა, შიშისა და უნდობლობის ნაცვლად, ხელშეწყობისა და ჰარმონიის, ნდობისა და გულწრფელობის პირობებში საკუთარი შვილების პოტენციალის სრულად რეალიზაციაზე, მათ მუდმივ ტრანსფორმაციაზე იზრუნოს.

მოტივაცია, ინსპირაცია, მხარდაჭერა, ბიძგი, გამხნევება, პოზიტიური ზემოქმედება, დამუხტვა ლიდერისთვის აუცილებელი თვისებებია და თუ მამასაც სურს, იყოს საკუთარი შვილის ნამდვილი ლიდერი, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ისეთი გარემო შეუქმნას, სადაც არათუ უკვე გამოვლენილ ნიჭს, არამედ აქამდე უცნობ, დროებით მიძინებულ და ჩაკეტილ შესაძლებლობებსაც გაუხსნის ახალ გზას და პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაში დაეხმარება.

და მაინც, მამები ვზრდით შვილებს თუ ჩვენი შვილები გვზრდიან ჩვენ?

ამშეკითხვაზე პასუხის მისაღებად ყველა მამა უნდა დაფიქრდეს, რადგან ჩვენი შვილებისთვის ცხოვრების ბოლომდე მისაბაძი ადამიანები ვართ და არ გვაქვს ჩამორჩენისა და ერთ ადგილას გაჩერების უფლება.

ლიდერობა განვითარებაა. მამობა ლიდერობაა.

ამიტომაც, უნდა გვესმოდეს, რომ იმ მომენტიდან, როცა უარს ვიტყვით განვითარებაზე, უარს ვამბობთ ჩვენი შვილების აღზრდის გაგრძელებაზე, რადგან მათთვის ვეღარ ვიქნებით საუკეთესო და პროგრესული მაგალითის მიმცემი.

შესაძლოა, ავტორიტეტი არ დავკარგოთ და ჩვენი შვილები მაინც ძველებური პატივისცემით გვეპყრობოდნენ, მაგრამ ჩვენი ვალია, ჩვენი შვილების თვალში პატივისცემა არა მხოლოდ მამის სტატუსის, არამედ, უპირველესად, საკუთარი სწორი და ღირსეული ცხოვრებისეული მაგალითების ჩვენებით მოვიპოვოთ!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

Wavy Line
გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალიOK!რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:https://soundcloud.com/entrepreneur_ge

Related Topics

სოციალური მედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი